17 ოქტომბერს
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე აღინიშნება. სსიპ- ვეტერანების
სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
გაიმართა.
ღონისძიებაზე
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა,
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ. აგრეთვე, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა
ეფრემმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და
უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.
„განსაკუთრებული
პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო
დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი
წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის
ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი
მებრძოლების ხსოვნას, რომელთაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს
სამშობლოსთვის.
ვეტერანების
ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების
გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე,
რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ
პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ
მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3
500-მდე სტუდენტს – ვეტერანთა შვილებს – სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა.
„აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი
ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი
სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა,
ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური
განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს
ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს,
ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.
მოხარული
ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია
კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც
უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო
ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია“, – განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისუფლების წარმომადგენლები,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამსახურის
პარტნიორი ორგანიზაციები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო
მისიებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.